„შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა“
ილიანა კაურა – თეოლოგი
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობას ეკლესია ზეიმობს 21(8 ძვ.სტ.) სექტემბერს და ის არის საეკლესიო წლის პირველი ღმრთისმშობლისადმი მიძღვნილი დღესასწაული. ღმრთისმშობლის შობა მართლაც დიდი საჩუქარია ღმერთისა არა მხოლოდ მისი მშობლებისათვის, იოაკიმ და ანასთვის, რომლებსაც დიდხანს არ ჰყავდათ შვილი, არამედ ის არის დიდი საჩუქარი მთელი სამყაროსათვის, რადგანაც მისი შობის ფაქტი არის პირველ უწყება სამყაროს გამოხსნაზე, ამიტომაც ამბობს ჰიმნოგრაფი:
„შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა“
ღმრთისმშობელი იყო შვილი იოაკიმ და ანასი, რომლებიც დავითის ტომიდან იყვნენ. რადგანაც დიდხანს უშვილონი იყვნენ, მრავალი წლის განმავლობაში ევედრებოდნენ ღმერთს, რომ მათთვის შვილი მიეცა, და დადეს აღთქმა, რომ თუ შვილი ეყოლებოდათ მას ღმერთს მიუძღვნიდნენ. იმ დროისათვის, რადგანაც უშვილობა ერთგვარი სირცხვილი და წყევლა იყო, ასეთ წყვილს საზოგადოება გაურბოდა და არ ღებულობდა. იოაკიმ და ანას ღრმა რწმენა ღმერთისადმი გახდა დასაბამი იმ უწყებისა რომ მათ შვილი ეყოლებოდათ.
მარიამის შობა არ ყოფილა არაბუნებრივი, არამედ იგი ბუნებრივი გზით მოხდა. მართალ იოაკიმ და ანას შეეძინათ გოგო და მას მარიამი უწოდეს .
მხოლოდ ქრისტე დაიბადა სასწაულებრივად, რადგანაც მისი ჩასახვა არ იყო ბუნებრივი, არამედ „სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა“.
ღმრთისმშობელი არის მიჯნა, ზღვარი ძველსა და ახალ აღთქმას შორის. ძველ აღთქმას წარმოადგენდა წინასწარმეტყველთა ქადაგება, მართალთა იმედი, მაშინ როდესაც ახალი აღთქმა, ხდება სიტკბო ანგელოზებისა, დიდება მოციქულებისა, მხნეობა მოწამეებისა, სიხარული ღირს მამათა, სიქადული ადამიანთა მოდგმისა, ამიტომაც ადიდებს მას „ყოველი ერი“.
ბერძნულიდან თარგმნა თეოლოგიისა და ისტორიის მაგისტრმა ლევან ბუკიამ
© ბიბლიური თეოლოგიის შემსწავლელი ცენტრი „ბარძიმი“
No comments:
Post a Comment