Saturday, November 28, 2015

ჯვრისთაყვანისცემის კვირა



lev_gillet
ლუის ჯილეტი, ფრანგი ღმრთისმეტყველი (1893-1980)
ბიოგრაფია
ლუის ჯილეტი, (ფსევდონიმი „აღმოსავლური ეკლესიის ბერი“)  დაიბადა 1893 წელს სენტ-მარსელინში (ისერე, საფრანგეთი). მისი ცხოვრების ადრეული წლები მოიცავს პირველი მსოფლიო ომში მსახურებასა და ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სწავლას უნივერსიტეტში. სწორედ მსოფლიო ომებს შორის პერიოდში იგი გახდა მართლმადიდებელი, თუმცა მანამდე იყო კათოლიკური ეკლესიის ბენედიქტიანელთა ორდენის წევრი.
1928 წლის მაისში მართლმადიდებლობისადმი კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულებით გულდაწყვეტილი, მამა ლევი მიღებულ იქნა პარიზის მართლმადიდებლურ ეკლესიაში 1928 წლის მაისში, ხოლო ამავე წლის ნოემბერში იგი ხდება სენტ-ჟენევიევე-დე-პარიზის სამწყსოს, (პირველი მართლმადიდებლური ფრანგულენოვანი სამწყსო პარიზში),  რექტორი. მამა ლუის ჯილეტი გარდაიცვალა 1980 წელს ლონდონში.

* * *მას მრავალი ნაშრომი აქვს გამოქყვენებული, რომელთაგან ერთ-ერთია წერილების კრებული: „საპასექო ღმრთისმოშიშება“, სადაც დიდი მარხვის მოსამზადებელ, უშუალოდ დიდი მარხვის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, უფლის ამაღლებისა და სულთმოფენობის დღესასწაულზეა საუბარი. წინამდებარე წერილი სწორედ ამ წიგნიდან არის, რომელიც ჯვრისთაყვანისცემის, ანუ დიდი მარხვის მესამე კვირიაკეს ეძღვნება.
ჯვრისთაყვანისცემის კვირა
დიდი მარხვის მესამე კვირას ეკლესია, ჩვენს წინაშე აღამაღლებს ქრისტეს ჯვარს. გარდა ამ დღისა, ეკლესია კიდევ ორჯერ წლის განმავლობაში, 27 სექტემბერს და 14 აგვისტოს, გვთავაზობს რომ გავიხსენოთ და თაყვანი ვცეთ წმინდა ჯვარს. მაგრამ ამ დღეებში ჯვრის თაყვანისცემა დაკავშირებულია ისტორიულ ფაქტებთან, მაშინ როდესაც დიდი მარხვის მესამე კვირას ეკლესიას სურს იქადაგოს და განაცხადოს ჯვრის ისტორიული როლი ჩვენს ხსნაში, წინასწარ მოგვამზადოს ჯერ კიდევ გასავლელ დიდ პარასკევამდე, როდესაც დაჟინებით მივაცქერდებით გოლგოთაზე აღმართულ ჯვარს.
ცისკრის ლოცვაზე დიდი დიდებისმეტყველების შემდეგ, მღვდელმსახური ყვავილებით გამშვენებულ ჯვარს გამოაბრძანებს საკურთხევლიდან. თან მოაცილებს ანთებული სანთლები და საკმევლის სურნელი. ტაძრის შუაში დააბრძანებს ჯვარს, უკმევს და გუნდი კი გალობს. `ჯვარსა შენსა თაყვანისვცემთ, და წმიდასა შენსა აღდგომასა ვადიდებთ~. ხალხი მოდის და თაყვანს სცემს ჯვარს, რომელიც ტაძრის ცენტრშია დაბრძანებული მთელი დღესასწაულის განმავლობაში. ცოცხლად გადმოგვცემს ამ ყოველივეს ცისკრის ლოცვა:
“ამისთვის, რამეთუ ესერა წინამდებარე არს ცხოველსმყოფელი იგი პატიოსანი ჯუარი ქრისტესი, რომელი მხიარულ-გუყოფს გულითა და განგუამტკიცებს სასოებითა კეთილად და მოგუახსენებს ვნებასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, და ნუგეშინის-გუცემს…გრძელი და საჭირველი გზაი თანაგუაც წარვლად.”
ამასთან, ძალიან მალე ვუახლოვდები გამომხსნელ ჯვარს, რომ მას დავეყრდნო და ვემთხვიო, ნუთუ ეს იქნება მთხვევა ერთი მოუნანიებელი ცოდვილისა, იუდას ამბორი, მხოლოდ გარეგნული მოქმედება გარეგანი პატივისცემისა რომელიც არაფერს არ შეცვლის ჩემს ცხოვრებაში, თუ ეს იქნება ნიშანი რწმენითი თაყვანისცემისა და მხურვალე სიყვარულისა, რომლითაც იქნება მოცული მთელი ჩემი არსებობა?
ამ დღის სახარება მთავრდება შემდეგი სიტყვებით: `ამენ გეტყვ თქვენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი, რომელთა არა იხილონ გემოი სიკუდილისაი, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაი, მომავალი ძალითა.~ (მკ.9,1;). აქ არ არის საუბარი ქრისტეს მეორედ, დიდებით მოსვლაზე, ისტორიის დასარულს, არამედ ღმრთის მადლის მოფენაზე, სულიწმიდის გარდამოსვლაზე, რომლის მოწმეებიც გახდნენ პირველი ქრისტიანები. მაგრამ შესაძლოა აქ საუბარია ასევე უხილავზეც, რაღაც სხვაზე გარდა სანახაობრივისა, მისი მეუფების მოახლოებაზე რწმენითა და მხურვალე სულით სავსეზე. ნეტავი მეც შევინარჩუნო მსგავსი მისია, და არ წავიდე ამ ცხოვრებიდან ისე, რომ საღმრთო სასუფეველს არ ჰქონდეს, ადგილი ჩემს სულში.
* ბიოგრაფია ინგლისურიდან თარგმნა ხატია ქარდავამ
* ტექსტი ბერძნულიდან თარგმნა თეოლოგიისა და ისტორიის მაგისტრმა ლევან ბუკიამ
© ბიბლიური თეოლოგიის შემსწავლელი ცენტრი “ბარძიმი”

No comments:

Post a Comment