Saturday, November 28, 2015

ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი



გეორგიოს პატრონისი


შესავალი
უფლის ფერისცვალების დღესასწაული, საეკლესიო დღესასწაულთა ციკლში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით კი მართლმადიდებელ ტრადიციაში, რადგანაც პირდაპირი კავშირი აქვს ადამიანის განღმრთობასთან და სრულყოფასთან, რომელიც საღმრთო იკონომიის ესქატოლოგიური განზრახულობაა. ყველა ფაქტი ხომ იესუ ქრისტეს ცხოვრებიდან, სამყაროს ხსნას და გადარჩენას მიემართება.
ფერისცვალებას, სადაც წარმოჩნდა უფლის დიდება ყველასთვის, გარდა ქრისტოლოგიური შინაარსისა, აქვს ასევე სიღრმისეული ანთროპოლოგიური მნიშვნელობა რადგანაც წარმოაჩენს ადამიანის ცხოვრების მიზანს, რომელიც არის განღმრთობა და დიდება ყოველი ადამიანისა.
დღევანდელი დღის სახარება საინტერესოა ორი მნიშვნელოვანი კუთხით: ფერისცვალების, როგორც ფაქტის აღწერის ისტორიული რეალიზმით და სიღრმისეული თეოლოგიური აზრით, რომელიც მიემართება ადამიანს და მომავალში მისი ცხოვრების ისტორიულ მსვლელობას. სადღესასწაულო ტრადიცია შეიცავს არა მხოლოდ განსაკუთრებულ თეოლოგიურ განმარატებას, არამედ ასევე გვთავაზობს გარკვეულ სიმბოლურობას თაბორის მთაზე უფლის ფერისცავლების ფაქტთან დაკავშირებით. ამდენად თაბორის მთა იღებს ლიტურგიკული სიმბოლოს ადგილს და ხაზს უსვამს ყოველი ჩვენგანის მსვლელობას განღმრთობის გზაზე.
უფლის ფერისცვალება და ფერისცვალება ყოველი ადამიანისა იმყოფება ორგანულ და ლიტურგიკულ კავშირში ერთმანეთთან. გვაქვს შეხვედრა საღმრთოსი და ადამიანურისა, ქმნილისა და უქმნელისა. ფერისცვალება პირდაპირ კავშირშია განკაცებასთან. ღმერთი ხდება „ჩვენი მსგავსი“ და ფერისცავლება წარმოაჩენს იმას, თუ როგორი უნდა გავხდეთ. თაბორზე ფერისცვალებისას მონაწილეობს ღმერთი და ადამიანი. მონაწილეობს მთელი ბუნება, ქმნილება სრულად. ფერისცვალება ხდება სულისა და სხეულისა. საუბარია სრული ადამიანის ფერისცვალებაზე და ყოველი ქმნილების ფერისცვალებაზე. ამდენად, ფერისცვალებას აქვს საყოველთაო მნიშვნელობა. ამიტომაც ფერისცვალება არ შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ შემთხვევითი მოვლენა და როგორც მიმართული ადამიანის ცხოვრების მხოლოდ რაღაც ნაწილზე. არ შეიძლება გავიგოთ როგორც მოვლენა რომელიც აბსოლიტურად, მხოლოდ იესუ ქრისტეს პიროვნებას მიემართება.
1.ფერისცვალება როგორც ისტორიული მოვლენა
სახარების მონაკვეთი, რომელიც ქრისტეს ფერისცვალებას მოგვითხრობს, არანაირ ეჭვს არ ტოვებს მის უარყოფაზე. უფალს მიჰყავს თავისი სამი მოწაფე, პეტრე, იაკობი და იაონე და ფერს იცვლის მათ წინაშე. სამი მოწაფის მოწმობა ძალიან მნიშვნელოვანია. მასასადამე არ ვსაუბრობთ თეოლოგიურ მითზე. ცხადია საუბარია სამი მოწაფის სულიერ გამოცდილებაზე იესუსთან დაკავშირებით, მაგრამ ეს გამოცდილება ჯდება ისტორიულ ფაქტებში და გარეგნულად ადვილად უკავშირდება აღსაქმელ ფენომენს. მოწაფეები ხედავენ უფალს მთაზე, ხედავენ როგორ ანათებს მისი სახე „მზესავით“ და როგორ გახდა მისი შესამოსელი „სპეტაკი“. ფერნაცვალი მასწავლებლის გვერდით, როგორც ფაქტის „მოწმეებს“, შენიშნავენ ისრაელის ერის ესქატოლოგიური ტრადიციის ორ უმნიშვნელოვანეს პირს, მოსეს და ელიას. ეს ყველაფერი კი წარმოაჩენს თეოფანიის მესიანურ გამოვლინებას.
პარალელურად კი, თხრობის შესაბამისად, ხალხი შეკრებილია, მთის ძირში, დანარჩენ მოწაფეებთან ერთად და ელოდებიან უფალს, რომელიც მთიდან უნდა ჩამოვიდეს, რომ მათ უქადაგოს ახალ რწმენაზე და განკურნოს სნეულებით შეპყრობილი ადამიანები. მთლიანად სახარების ეს მონაკვეთი გამსჭვალულია სასწაულებრივი რეალისტურობით. არ ტოვებს ადგილს რაიმე ეჭვისთვის, აღწერილია უბრალოდ და ნათლად მართლაც ისტორიული მოვლენა. ეს მოვლენა ხდება „წინაშე“ არა მხოლოდ მოწაფეებისა არამედ ხალხისა და ამდენად არანაირი ეჭვისთვის ადგილი არ რჩება.
სახარებისეული ისტორიული ფაქტები არ შეიძლება იყოს ცალკე მდგომი და შემოსილი თეოლოგიური მითით. ეს არის კაცობრიობის ისტორიის ნაწილი და გამოცხადებას, პირდაპირი კავშირი აქვს მსოფლიო ისტორიასთან, განსაკუთრებით კი საღმრთო იკონომიის კუთხით. უფლის ფერისცვალებას, ცხადია პირდაპირი კავშირი აქვს ისტორიულ მოვლენებთან და კაცობრიობის ისტორიულ მსვლელობასთან, მისი სრულყოფისა და განღმრთობის გზაზე.
2.ფერისცვალების ფაქტის თეოლოგიური განმარტება
ფერისცვალების ფაქტის არსებითი თეოლოგიური განმარტებისთვის გვაქვს შემდეგი საინტერესო მომენტები. უპირველეს ყოვლისა გვაქვს გამოცხადება მოსესი და ელიასი, ისრაელის ისტორიიდან ცნობილი ორი პიროვნებისა, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებიან მესიის გამოჩენას და მოსვლას. მოვლენის ხასიათი მაშასადამე ნათელია, მესიანური.
იესუ არ არის მხოლოდ ისტორიული პირი, რომელიც იშვება რომელიმე კონკრეტულ ადგილას და დროს, „იუდეის ბეთლემში ჰეროდე დიდის მმართველობისას“, რომელიც არის კონკრეტული ოჯახის გენეალოგიიდან, დავითის ტომიდან, არამედ ის არის ღმრთისგან საუკუნოდ მოვლენილი ქრისტე, რომელიც კაცობრიობის გამოსახსნელად მოდის. მესიის ეს გამოცხადება, ფერისცვალებისას გამოცხადებული პირების წარმოჩენით მტკიცდება.
მოსეს და ელიას გამოცხადებას, აქვს ღრმა ტრადიცია ისრაელის ესქატოლოგიაში და მესიანიზმში. როგორც გამოცხადება, პარალელური ტრადიციით, მოსესი და ენუქისა. ეს პიროვნებები წარმოადგენენ დადასტურებას ჭეშმარიტი მესიანიზმისა და თეოფანიისა. არ ადასტურებენ მხოლოდ მესია-ქრისტეს გამოცხადებას რომელიც ისტორიული აწმყოა, არამედ იგივე ეს პიროვნებები, იქნებიან ქრისტესთან ერთად მეორედ მოსვლისას, დიდებით წარმოჩენისას, ესქატოლოგიური მოსვლისას. ამიტომაც, ზუსტად ფერისცვალების ფაქტი წარმოადგენს წინარე გემოსხილვას და წინარე უწყებას დიდებით მეორედ მოსვლისა. ამდენად ამ ფაქტში გვაქვს ისტორია ფერისცვალებისა, არამედ ასევე წინარე ხედვა სისრულის ესქატოლოგიური ჯამისა.
მეორე საინტერესო ელემენტი ფერისცვალებისას არის უქმნელი ნათლის გამოჩენა. ფერისცვალების ნათლით მოსილია ქრისტე და ეს ნათელი ვრცელდება მოწაფეებზე, სამყაროზე და მთელ ქმნილებაზე. ისმება კითხვა, რა სახის სინათლეზეა საუბარი? იქნებ საუბარია უბრალო სინათლეზე მზის სხივებისა, რომლებიც ანათებენ საგნებს, ან იქნებ საუბარია სხვა „ნათელზე“, სხვა ბუნების და სხვა ხარისხისა? ეს კითხვები რომლებიც ისმება, მოითხოვს არა მხოლოდ ისტორიულ არამედ თეოლოგიურ ახსნას.
ამ კუთხით გვაქვს ეკლესიის მამათა განმარტებები. განსაკუთრებით ბასილი დიდი თავის შრომაში „ექუსთადღეთა“, როდესაც განმარტავს შექმნის ფაქტებს, საუბრობს უპირველეს „ნათელზე“. ესაა „ნათელი“ რომელიც იწოდება „ნათელი წმინდა“, „ჭეშმარიტების“ ნათელი და „არამატერიალური“ სინათლე.
მას განასხვავებს ნებისმიერი ხილული სინათლისგან, რომელიც ჩვენთვის ცნობილია მზისგან და მთვარისგან და ამბობს, რომ ალბათ აქ საუბარია რომელიმე „უქმნელ“ ნათელზე რომელიც აცხადებს შემოქმედი ღმერთის არსებობას. მოგვიანებით, წმინდა გრიგოლ პალამა ნათლად ისაუბრებს „უქმნელი“ ნათლის არსებობაზე და განასხვავებს მას ნებისმიერი ქმნილი და მატერიალური სინათლისგან. ქმნილი ეკუთვნის ქმნილებას და ამ სამყაროს, უქმნელი ეკუთვნის ღმერთს და მის არსებობას. ერთი არის მატერიალური და დაბინდული, მკრთალი, მეორე კი „არამატერიალური“ და „წმინდა“. ამდენად, წმინდა გრიგოლ პალამას თეოლოგია იზიარებს წმინდა ბასილი დიდის განმარტებას. ეს ნათელი ავსებს სრულად ჩვენს სულიერ მსვლელობას და ფერს უცვლის ჩვენს არსებობას.
3.ფერისცვალების სულიერი მხარე
ფერისცვალება უფლისა, ღრმა შინაარსის მქონე ისტორიული მნიშვნელობის გარდა, გვთავაზობს წინადადებას ცხოვრების სრულყოფისთვის. ეს სრულყოფა და გამოცდილება კი მხოლოდ ფერნაცვალი ქრისტეს პიროვნებასთან ერთად გრძელდება და ყოველი ჩვენგანის პიროვნულ ცხოვრებას ეხება. საღმრთო გამოცხადება ჩვენთვის მყარ ნიშანს წარმოადგენს. სწორედ, ეს გამოცხადება, დაადასტურეს თავიდან უფლის მოწაფეებმა და შემდეგ მთელმა ხალხმა, რომელმაც სასწაული იხილა.
ქრისტემ თავისი ფერისცვალებით გვიჩვენა სამყაროს ჭეშმარიტი სახე და საიდუმლო მისი მოსვლისა. ის არ არის მხოლოდ ადამიანი, ის იმავდროულად ღმერთიცაა. მიიღო ქმნილი ადამიანური ბუნება. მაგრამ ფერისცვალებისას წარმოაჩინა უქმნელი საღმრთო ნათელი და დიდება. სამყაროში გამოჩნდა ღმრთიური და ადამიანური. უქმნელი ღებულობს ქმნილ ადამიანს და მას განაღმრთობს. ეს არის უპირველესი მაგრამ არსებითი ელემენტი ფერისცვალების ფაქტისა.
როგორც გაგრძელება ამ ფაქტისა, გვაქვს შთამბეჭდავი მოქმედება უფლის მოწაფეებისა. ეს მოქმედება არ იყო შემთხვევითი. შთაბეჭდილება და მიმზიდველობა ამ ფაქტისა იმდენად ძლიერი იყო, რომ მოწაფეები მაშინათვე გამოხატავენ სურვილს, რომ ეს მომენტი გაგრძელდეს მთელი ცხოვრება. ზუსტად ამას გამოხატავს მათი წინადადება, რომ გააკეთონ სამი კარავი და დარჩნენ თაბორზე, დაუსრულებლად სურთ განიცადონ ფერისცვალების ეს მომენტი. ჩვენ უზუსტესად არ ვიცით შინაარსი მათი ამ გამოცდილებისა. მახარებელი ჩვენ არ მოგვითხრობს რას ნიშნავდა მოწაფეებისთვის ეს უმაღლესი მომენტი უფლის ფერისცვალებისა. მაგრამ ის რაც ვიცით ეს არის უპირველესი შთაბეჭდილება და რომ მათ დაიწყეს გემოს ხილვა ფერისცვალების ამ ესქატოლოგიური ნაყოფისა თავიანთ პირად ცხოვრებაში.
ფერისცვალების სულიერი მხარე არ უნდა განვიხილოთ და არ უნდა გავიგოთ როგორც ინდივიდუალური მოვლენა, რომელიც ეხება მხოლოდ იესუ ქრისტეს პიროვნებას. და არც იმ სამ რჩეულ მოწაფეს და წარსულის ორ დიდ პიროვნებას. ეს არის საყოველთაო მნიშვნელობის მოვლენა. ის უფლით იწყება, შემდეგში გადაეცემა სამ მოწაფეს, შემდეგ გადაეცემა თორმეტივეს და მათგან მთელ სამყაროს და მთელ ქმნილებას. ამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო ფერისცვალება ადამიანისა და სამყაროსი, ბუნებისა და ქმნილების, ფერისცვალება მთელი შემოქმედებისა, მატერიალურის თუ სულიერის.
4. ფერისცვალება და სასწაული
მათე მახარებელი ფერისცვალებას უკავშირებს სასწაულს, ყრმის განკურნებას, რომელიც „არაწმინდა სულისგან იტანჯებოდა“. მაშინ როდესაც სამი მოწაფე გამოხატავს სურვილს, რომ კარავი დადგან თაბორზე და არსებითად სურთ „მისაკუთრება“ ფერისცვალების ფაქტისა, ფერნაცვალი ქრისტე მათ ეუბნება, რომ უნდა ჩავიდნენ ქვევით, სადაც დანარჩენი მოწაფეები და ხალხი არიან. იქ ქვემოთ ყველანი ელოდებიან არა მხოლოდ, რომ მოისმინონ ქადაგება მასწავლებლისგან, არამედ იხილონ გემო თაბორის ნაყოფისა, ფერისცვალებისა.
სახარებიდან ვიცით, რომ ფერისცვალების დროს მამამ მოიყვანა ბოროტი ძალისგან შეპყრობილი თავისი ძე იესუს მოწაფეებთან, რომ განეკურნათ, მაგრამ უშედეგოდ. ყველანი აღმოჩნდნენ გამოუვალ მდგომარეობაში. რწმენა დარჩა უმოქმედო, მოწაფეების ძალა არ აღმოჩნდა შედეგიანი და სასწაული არ მოხდა. ეს მიემართება სწორედ უფლის „არყოფნას“. ფერისცვალება ეს არ არის მაგიური სიტყვა, არამედ ენერგია, ძალა რწმენისა რომელიც ახდენს სასწაულს.
ეპილოგი
აღორძინების ეპოქის ერთ-ერთ დიდი მხატვარს შექმნილი აქვს ტილო ფერისცვალებისა, ორი შთამბეჭდავი სცენით. ზემოთა მხარეს ცოცხალი და ნათელი ფერებით წარმოდგენილია სამყარო ფერისცვალებისას. ქვემოთა მხარეს არის ჯოჯოხეთი ადამიანთა ცხოვრებით, ტირილით, ტკივილიანი და გამოუვალი მდგომარეობით, არის ადგილი სინათლისა და იმედის გარეშე. ზემოთა სამყარო ნათელია, ქვემოთა ჩაბნელებული. სამყარო იესუსი, ფერისცვალების ერთ მხარეს და მეორე მხარეს ჩვენი სამყარო, ავადმყოფობის და უფერული. ეს ორი სამყარო, სახარებისეული თხრობის მიხედვით, უნდა გახდეს ერთი. შემაერთებელი რგოლი ამ ორი სამყაროსი არის განკაცებული და ფერნაცვალი ქრისტე. ის წარმოადგენს ღმერთს და ადამიანს, ზეცას და მიწას. სასწაული ქვემოთ მხოლოდ ფერისცვალების შუქით ხდება.
ამ ყოველივეს შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფერისცვალება ნიშნავს სინანულს და ცხოვრების წესის შეცვლას. ნიშნავს თაბორზე ასვლას და ურთიერთობას იესუსთან. ფერისცვალება პირდაპირ და არსებითად უკავშირდება უფლის ყოფნას. იგივე ხდება სასწაულთან დაკავშირებითაც, რომელიც ფერისცვალების გაგრძელებას წარმოადგენს. სასწაული არ სრულდება ქრისტეს გარეშე. იმისათვის, რომ სასწაული აღსრულდეს, საჭიროა ფერისცვალება თაბორის სიმაღლიდან ცხოვრების ისტორიულ სინამდვილეში მყოფ ადამიანებთან მოვიდეს. ასე უნდა გავიგოთ უფლის მოწოდება, როდესაც ის მოუწოდებს მოწაფეებს რომ ჩამოვიდნენ და მასთან ერთად მივიდნენ ხალხთან, მაშინ როდესაც მოწაფეები იქ, თაბორზე დარჩენას ითხოვდნენ. სასწაული ხდება მაშინ როდესაც ჩამოდის და ურთიერთობას იწყებს ადამიანებთან.
სასწაულს თან ახლავს მიტევება და განკურნება, არსებითად კი ეს არის ფაქტი ცვლილებისა და ფერისცვალებისა. სასწაული ეს არის „ბუნების“ აღდგენა. ჯანმრთელობა და სიკეთე ადამიანის ბუნებაშია. ავადმყოფობა და ცოდვა არის „არა ბუნებრივი“. ხრწნა და სიკვდილი არის შემოქმედებითი ბუნების გარეთ. შეცდომა იქნება თუკი ფერისცვალებას გავიგებთ მხოლოდ როგორც ზებუნებრივ მოვლენას. ფერისცვალება, არსებითად ეს არის სიცოცხლის მოქმედება და აღსრულდება, მუდმივად აწმყოში, როგორც ეს ზუსტად გამოჩნდა თაბორზე უფლის ფერისცვალებისას.
ბერძნულიდან თარგმნა თეოლოგიისა და ისტორიის მაგისტრმა ლევან ბუკიამ
© ბიბლიური თეოლოგიის შემსწავლელი ცენტრი „ბარძიმი“

No comments:

Post a Comment