ლევ ჯილეტი
„ეს დიდებული და წმინდა დღე, ერთშაბათად
წოდებული, მეფეა, დედოფალია, დღესასწაულთა
დღესასწაულია, ზეიმთა ზეიმია“ -
ვკითხულობთ სააღდგომო ცისკრის მერვე გალობაში. აღდგომის კვირა იწოდება როგორც
„ზეიმთა ზეიმი“.
აღდგომის
კვირა უკავშირდება დიდ ხუთშაბათს და დიდ პარასკევს - რომლებიც სისავსეს აძლევენ
ქრისტეშობის საიდუმლოს, და წარმოადგენენ აუცილებელ, წინასწარ უწყებას,
სულთმოფენობისათვის. უფლის ბრწყინვალე აღდგომაა ცენტრი, გული და გულისგული
საეკლესიო წლისა. ამ დღეზეა დამოკიდებული საეკლესიო წლის ლიტურგიკული ციკლი და მისგან
განისაზღვრება წლის ყველა მოძრავი
კალენდარული დღესასწაული.
ქრისტეს აღდგომა იქადაგება სრული სისავსით
აღდგომის კვირის ცისკარზე, მსახურებაზე რომელიც სრულდება კვირა დილით ძალიან ადრე,
ან შუა ღამით დიდ შაბათს, ვიდრე დაიწყება მსახურება მოქარგულ „გარდამოხსნაზე“
რომელიც დასვენებული იყო მორთულ საფლავის კუვუკლიაში, ეკლესიის ცენტრში. მას გადაასვენებენ საკურთხეველში და დაასვენებენ
წმიდა ტრაპეზზე. შემდეგ, კანონის შესრულებისას, უპირველესი ეპისკოპოსი ან
მღვდელმსახური, გამოჩნდება აღსავლის კართან. უჭირავს ერთი ანთებული სანთელი, გუნდი
კი გალობს: „მიიღეთ ნათელი დაუღამებელი ნათლისაგან, ადიდეთ ქრისტე მკვდრეთით
აღმდგარი“.
აღმოსავლეთის
მართლმადიდებელი ეკლესია წარმოგვიდგენს ქრისტიანული რწმენის საიდუმლოს, როგორც სინათლის
საიდუმლოს. იმ სინათლისას, რომლის შობისას გამოჩნდა ბეთლემის ვარსკვლავი, რომელიც
ჩვენს შორის მარადიული სინათლით ანათებს. გოლგოთის სიბნელეს არ შეეძლო მისი
ჩაქრობა. კვლავაც ანათებს დღეს ჩვენს შორის და ყველა ეს ანთებული სანთლები
რომლებიც ხელში უჭირავთ მორწმუნეებს, მოწმობენ მის დიდებაზე. ამ ფორმით ცხადდება აღდგომის
სიღრმისეული სულიერი მნიშვნელობა. ხორციელი აღდგომა ქრისტესი იქნებოდა ჩვენთვის
უმნიშვნელო, თუკი ქრისტეს ნათელი არ განაახლებდა და არ აკურთხებდა ჩვენს შინაგან
სამყაროს. არ შეგვიძლია ღირსეულად ვიზეიმოთ
ქრისტეს აღდგომა, თუკი ჩვენს სულში ნათელი, რომელიც მოიტანა ქრისტემ, სრულად არ
დაამარცხებს ჩვენი ცოდვების სიბნელეს.
მსვლელობა რომელიც
საკურთხევლიდან იწყება,
ჩერდება ეკლესიის
გარეთ, ეკლესიის
კარიბჭის წინ.
კითხულობენ მონაკვეთს
მარკოზის სახარებიდან: „ და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალინელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი,
რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის.
კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან.
და ერთმანეთს ეუბნებოდნენ:
ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო?
მაგრამ დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო ის ძალიან დიდი იყო.
შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ.
ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესუ ნაზარეველს; აღდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი.
მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ.
გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ.“ (მკ.16;1-8;)
შემდეგ კი გალობენ სადიდებელ ანტიფონს აღდგომისას:
„ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა
სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“.
ეს ანტიფონი მეორდება მრავალჯერ.
როდესაც მსვლელობა ბრუნდება ტაძარში, იგალობება აღდგომის კანონი რომელიც იოანე დამასკელს
ეკუთვნის:
„აღდგომისა დღეა, . . . . .. . “
„განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ
.. . . . “
„ჰოი, აღდგომა დიდი და წმიდა, ქრისტე
. . . . .“
მორწმუნეები ემთხვევიან ერთმანეთს.
მისალმება არის „ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!“
ცისკარს მოსდევს წირვა იოანე ოქროპირისა. სამოციქულო საკითხავი, მოციქულთა საქმეებიდან ეხება აღდგომის ფაქტს: მოციქულებს მიმართავს მკვდრეთით აღმდგარი:
„შეკრიბა ისინი და უბრძანა: ნუ გაშორდებით იერუსალიმს, არამედ ელოდეთ აღთქმას მამისას, რომელიც ისმინეთ ჩემგან.
ვინაიდან იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, ხოლო თქვენ, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, სულით წმიდით მოინათლებით.
შეკრებილნი კი ეკითხებოდნენ: უფალო, ნუთუ ამ ხანებში აღუდგენ სამეფოს ისრაელს?
და უთხრა მათ: თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ.
არამედ მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე, და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, ქვეყნის კიდემდე.“ (საქ.მოციქ.1,4-8;).
ეკლესია აღდგომის
დღესასწაულზე არჩევს
იოანეს სახარების
დასაწყისს. შეიძლება უჩვეულოდ
მოგვეჩვენოს, რომ
სახარება არ
არის აღდგომის
შინაარსის შემცველი:
„პირველითგან იყო
სიტყვა“. . . . შესაძლოა
მიზეზი ამ
არჩევანისა იყოს
უპირატესობის მინიჭება
წარმართი (ბერძენი)
ქრისტიანებისათვის იმისათვის,
რომ რაც
კი ხდება
„სულით“ -
გარდა ხორციელი
აღდგომისა ქრისტესი
- არის
სინათლის გამარჯვება სიბნელეზე. რადგან ფრაზა
„და ნათელი
იგი ბნელსა
შინა ჩანს
და ბნელი
იგი მას
ვერ ეწია“
არ ნიშნავს
რომ სიბნელემ
არ მიიღო
სინათლე, არამედ
ალბათ იმას,
რომ სიბნელე
უძლურია, რომ
იმძლავროს სინათლეზე
და ჩააქროს
ის, ეს
სინათლეა, რომელსაც
ვხედავთ დიდებით
დღეს.
„პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.
იყო კაცი მოვილინებული
ღმრთისა მიერ, და სახელი მისი იოვანე. ესე მოვიდა მოწამედ, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მისგან. არა თუ იგი იყო ნათელი, არამედ რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად. სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა. თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს. ხოლო რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი, რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ჴორცთაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს. და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა. იოვანე წამა მისთჳს, ღაღატ-ყო და თქუა: ესე არს, რომლისათჳს-იგი ვთქუ: რომელი ჩემსა შემდგომად მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს. და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ, და მადლი მადლისა წილ. რამეთუ სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ იქმნა. ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა“
(ინ.1,1-17;)
სააღდგომო ლიტურგიისას იკითხება
შესანიშნავი ქადაგება წმინდა იოანე ოქროპირისა
აღდგომაზე.
„რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა, და რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი,
შევედინ სიხარულით სიხარულსა, ამას უფლისა თვისისასა. რომელმაც იღვაწა მარხვითა, მიიღენ აწ ტალანტი შრომისა და ღვაწლისა, რომელმანცა იმუშაკა პირველ-ჟამითგან, მიიღენ დღეს თანამდები სიმართლისა. რომელი მესამესა ჟამსა მოვიდა, მადლობით დღესასწაულობდინ, ხოლო რომელი მეექვსესა ჟამსა მოიწია, ნუ იჭვეულობნ, რათა არა რაი დაჭირვება არს მისა. და რომელი დააკლდა ჟამსა მეცხრესა, მოვედინ ნუ რა რაის ორგულებნ, და ნუ ეშინინ, ხოლო რომელი მეათერთმეტესა ჟამსა მოიწია, ნუ შეშინდებინ დაყოვნებისათვის, რამეთუ მრავალმოწყალე არს მეუფე ჩვენი და კაცთმოყვარე. შეიწყნარებს უკანასკნელთა ვითარცა პირველთა, და განუსვენებს მეათერთმეტისა ჟამსა მოსრულთა, ვითარცა პირველისა ჟამისა მუშაკთა და უკანასკნელთა თვისცა მოწყალე არს, და შეღრთავს მათ პირველთა თანა, მათ მისცემს, და ამათ მიანიჭებს. საქმეთა მიითვალავს და განზრახვათა განიკითხავს, საქმეთა აქებს და გულსმოდგინებათა ადიდებს, და უბრძანებს შესვლად სიხარულსა უფლისა თვისისასა, რათა მდიდარნი და გლახაკნი ურთიერთას იხარებდენ, და მოღვაწენი და სულმოკლენი დღესა ამას პატივს სცემდნენ, რომელმან იმარხა და რომელმან ვერ იმარხა, ყოველნივე ერთბაშად განსცხრებოდნენ, რამეთუ დღეს ტაბლა სავსე არს, იშვებდით ყოველნი. ზვარაკი ჭამებული მზა არს, ნურავინ წარვალს მშიერი. ყოველნივე იშვებდით სერითა ამით სარწმუნოებისათა; ყოველთავე მიიღეთ სიმდიდრე სიტკბოებისა. ნუვინ ზრუნავნ სიგლახაკესა, რამეთუ გამოსჩნდა ყოველთათვის სასუფეველი. ნუვინ ჰგოდებნ ცოდვათათვის,
რამეთუ შემნდობელი ჩუენი აღმობრწყინდა საფლავით. ნუვინ ჰსძრწინ და ეშინინ სიკვდილისაგან, რამეთუ განმანთავისუფლა ჩუენ სიკვდილმან მაცხოვრისამან, და დაშრიტა მათთვის, რომელნი პყრობილ იყვნეს მისგან. წარმოსტყუენა
ჯოჯოხეთი, შთაჰხდა რა მას შინა. განამწარა იგი, შთასვლითა თვისითა. და ესე ისაია პირველვე ღაღადყო, ჯოჯოხეთი რა შეემთხუა იტყვის, ქვეშე შენსა განმწარდა. განმწარდა, რამეთუ განქარდა, განმწარდა, რამეთუ მოიკიცხა, განმწარდა, რამეთუ მოიკლა, განმწარდა, რამეთუ დაიმხო, განმწარდა, რამეთუ შეიკრა. მოხუნა ხორცნი და ღმერთი იხილა. შეიწყნარა ქვეყანამან, და მოეგებნეს ცანი. მიიღო ხილული და დასცა უხილავი. სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი. სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაჲ შენი. აღსდგა ქრისტე და დაირღვი შენ. აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს, აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა,
რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“
ეს დიდებული სიტყვები ქმნიან ერთ
პრობლემას: იოანე ოქროპირი ჩანს, რომ მიმართავს, მათ ვინც მოემზადნენ სულიერად ამ
დღესასწაულისთვის, და მათაც ვინც მოუმზადებელი დარჩნენ.
ეძახის და იწვევს მათ მიუხედავად მოუმზადებლობისა. საუბრობს ისე თითქოს არ
არსებობდეს არანაირი განსხვავება მათ შორის, ისე რომ თითქოს ყველანი იღებდნენ
იგივე სიხარულს. მაგრამ ვიცით, რომ სიხარულს აღდგომისას აგემოვნებენ ისინი
რომლებმაც იტვირთეს ქრისტეს ჯვარი და მოკვდნენ მასთან ერთად. ვიცით, რომ წუხილი დიდი პარასკევისა არის აუცილებელი წინაპირობა აღდგომის
სიხარულისთვის. ეს არის ჭეშმარიტება. თუმცაღა ჩვენი უფალი, მისი დიდსულოვნების
ფარგლებში, იცავს ამ საღამოს თავის თავში იმ უფლებას, რომ საგნები დაალაგოს
თვითონ. იესუ თავის ვნებამდე მცირე ხნით ადრე გამოეცხადა მოციქულებს. ყველა, ერთის
გარდა, მას ტოვებს ყველაზე მძიმე წუთებში გოლგოთაზე, მაგრამ მათ ღებულობს მაშინათვე თავისი აღდგომის სიხარულში. ეს არ
ნიშნავს რომ შეცვალა იკონომია ჩვენი ხსნისა: ჯვრის გარეშე დიდება და აღდგომა არ
შეიძლება იყოს ჩვენი. მაგრამ მაცხოვარი უშვებს თავისი მოწაფეების უძლურების იკონომიას.
მათ უწყალობებს, უძღვნის პასექის სიხარულს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნაკლებად
არიან მომზადებულნი ამისთვის. მოგვიანებით კი მათ შეახსენებს ვნებასაც: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა.“. (ინ.21,18.)
ამას ეუბნება პეტრეს უფალი, როდესაც გამოეცხადა მოციქულებს გალილეის ტბაზე,
აღდგომის შემდეგ. მახარებელი ჩვენ გვიხსნის ამ ფრაზის აზრს: „ ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს“. (ინ.21,19;)
მიუხედავად
იმისა, რომ იესუ უარვყავით ჩვენი მრავალმხრივი ცოდვებით, მიუხედავად ჩვენი
მოუმზადებლობისა, მიუხედავად იმისა რომ არ ვართ სუფთები, იესუ გვეძახის, გვიწვევს მივიდეთ
საპასექო ტრაპეზზე და გავიზიაროთ პასექის სიხარული, თუკი გავაღებთ ჩვენს გულებს
მართლაც სინანულით. თუკი თაყვანს ვცემთ
აღდგომის მოწმობას, მივიღებთ აღდგომის მადლს, რომელიც სულთმოფენობის ძღვენით
სრულიყოფა. მაშინ და მხოლოდ მაშინ გავიგებთ აზრს ჯვრისას და შეგვეძლება რომ
შევიმოსოთ, რამდენადაც ამის საშუალებას მოგვცემს ჩვენი ღარიბი ძალები, საიდუმლო
ვნებისა. ასე და ამგვარად შეგვიძლია ავხსნათ მოწოდება ოქროპირისა, როგორც ალბათ
დაპირება, მათთვის ვინც არ არიან მზად, „არა მმარხველნნი“. ამით ეკლესიამ გააკეთა
შესანიშნავი, საოცარი არჩევანი, რომ ჩართო ეს ქადაგება აღდგომის მსახურებაში. მაშ
კვლავ წავიკითხოთ ის და არ ვნახავთ დღევანდელ დღეზე უკეთეს მასალას
დაფიქრებისთვის.
წიგნიდან „ΠΑΣΧΑΛΙΝΗ
ΚΑΤΑΝΥΞΗ“
თარგმნა ლევან
ბუკიამ